English / ქართული / русский /
გიორგი შიხაშვილი
მდგრადი/„მწვანე“ ეკონომიკურ-მმართველობითი საქმიანობის თეორიის სათავეებთან - „რიო-1992“

ანოტაცია. დღევანდელ პირობებში უაღრესად საჭიროა მდგრადი/„მწვანე“ ეკონომიკურ-მმართველობითი საქმიანობის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლების სიღმისეული გააზრება.

,,რიო-1992“-ის დოკუმენტების საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს უახლესი სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური აზროვნება და შესაბამისი თეორიულ-მეთოდოლოგიური ფუნდამენტი.
აუცილებელია, უახლოეს დროში შემუშავდეს საქართველოს მდგრადი განვითარების ფუნდამენტური კონცეფცია, რომელიც მოაწესრიგებს „მწვანე“ ეკონომიკურ-მმართველობითი საქმიანობის სინერგიულ ჰარმონიულობას.

საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითარების თეორიის სათავეები; ,,რიო-1992“-ის დოკუმენტები; ეკონომიკური თეორიის განვითარების ახალი ეტაპი; საქართველოს მდგრადი განვითარების ფუნდამენტური კონცეფცია.

შესავალი

საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპზე აუცილებელია სიღრმისულად გავიაზროთ მდგრადი/„მწვანე“ ეკონომიკურ-მმართველობითი საქმიანობის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები. ასეთი მიდგომა საშუალებას მოგვცემს სწორად განვსაზღვროთ ოპტიმალური გზები ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის წარმატებული მართვისათვის.
აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია:
• ეკონომისტ-ეკოლოგის პოზიციიდან გავუზიაროთ საზოგადოებას მოსაზრებები მდგრადი განვითარების პრობლემების თეორიულ-მეთოდოლოგიური საწყისების შესახებ;
• შევახსენოთ საზოგადოებას, რომ არსებობს გაეროს მიერ რეკომენდებული მდგრადი განვითარების თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძველი - „კონფერენცია - რიო 1992“-ის ფუძემდებლური დოკუმენტები მთელი მსოფლიოსა და ცალკეული ქვეყნებისათვის;
• ვაჩვენოთ, რომ აუცილებელია შემუშავდეს სათანადო ფუნდამენტური კონცეფცია, შესაბამისი მოდელი, სტრატეგია, პროგრამა საქართველოს მდგრადი ეკონომიკურ-ეკოლოგიური განვითარებისა და სათანადო მართვისათვის.

მდგრადი განვითარების თეორია ფაქტობრივად ახალი, XXI საუკუნის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების თეორიაა, რომლის მიზანი საზოგადოების განვითარების ჰარმონიული ეკონომიკურ-ეკოლოგიური პროცესების მართვის მოგვარებაა.

ეკონომიკის ეკოლოგიზაციის პრობლემები/საკითხები სხვადასხვა დასახელების სამეცნიერო-პრაქტიკული დისციპლინის (მდგრადი ეკონომიკის, ბუნებათსარგებლობის ეკონომიკის, „მწვანე“ ეკონომიკის, „მწვანე“ ბიზნესის, „მწვანე“ მენეჯმენტის) კვლევის ობიექტს წარმოადგენს. მათ ბევრი რამ აქვთ საერთო და სამეცნიერო ბრუნვაში ხშირად სინონიმებად გამოიყენება.

ჩვენი განმარტებით, ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა/„მწვანე“ ეკონომიკა არის სამეცნიერო-პრაქტიკული მიმართულება, რომელიც განსაზღვრავს ბუნებრივი რესურსების გამოყენების ეკონომიკურად რაციონალურ გზებს, ითვალისწინებს რა ამ რესურსების ექსპლუატაციის ეკოლოგიურ შეზღუდულობას და სიცოცხლის უზრუნველმყოფი გარემოს შენარჩუნების აუცილებლობას. ბუნებათსარგებლობის ეკონომიკის/„მწვანე“ ეკონომიკის საბოლოო მიზანს საზოგადოების განვითარების პროცესში ეკონომიკისა და გარემოს ურთიერთზემოქმედების ჰარმონიზაცია წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია გადაიჭრას ეკოლოგიურ-ეკონომიკური კანონზომიერებების თეორიული შესწავლისა და პრაქტიკული გამოყენების ამოცანები.

ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა/„მწვანე“ ეკონომიკა მოწოდებულია გააშუქოს და გადაწყვიტოს სამი ურთიერთდაკავშირებული პრობლემა:
1. გამოიძებნოს და ეფექტიანად იქნეს გამოყენებული წარმოების პროცესისათვის აუცილებელი ბუნებრივი რესურსები;
2. შეჩერდეს და მაქსიმალურად ლიკვიდირებული იქნეს გარემოს ინტენსიური დეგრადაციის პროცესი;
3. შეიქმნას ოპტიმალური პირობები ადამიანის ჰარმონიული განვითარებისათვის.

„რიო-1992“-ის დოკუმენტები - მდგრადი განვითარების
თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძველი

სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ეკოლოგიზაციის გზების ხანგრძლივი ძიების შედეგად თანამედროვე მეცნიერებამ შეიმუშავა მდგრადი განვითარების კონცეფციები/პარადიგმები.

ერთ-ერთის მიხედვით, მდგრადი განვითარება არის საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას - ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი [2, გვ. 5].

სხვა პარადიგმის თანახმად, ეს არის ისეთი განვითარება, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნილებებს, მაგრამ არ უქმნის საფრთხეს მომავალ თაობებს მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში [7, გვ. 50].

„რიო-1992“-ის დეკლარაციის მე-3 პრინციპის მიხედვით, განვითარება უნდა ხდებოდეს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დღევანდელი და მომავალი თაობების მოთხოვნილებათა სამართლიანი დაკმაყოფილება განვითარებისა და გარემოს დაცვის სფეროში [4, გვ. 9; 5, გვ . IX; 8, გვ. X].

მდგრადი განვითარების მოცულობითი კონცეფციის საფუძველს წარმოადგენს საერთაშორისო კომისიის სპეციალური გამოკვლევა (1983-1997), რომელმაც კვლევის შედეგები მოხსენების სახით - „ჩვენი საერთო მომავალი“ 1987 წელს წარუდგინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. ანგარიში შემდგომ გამოიცა სქელტანიანი წიგნის სახით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის რუსულ ენაზეც [7]. ეს კონცეფცია „მდგრადი განვითარების პრინციპების“ სახით ჩამოყალიბდა გაეროს 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს სპეციალურ კონფერენციაზე („რიო-1992“ ) [4; 5; 8].

„რიოს“ კონფერენციაზე მიღებული იქნა 5 დოკუმენტი: 1) დეკლარაცია გარემოსა და განვითარების შესახებ; 2) დღის წესრიგი XXI საუკუნისათვის; 3) განცხადება ტყეებისადმი დამოკიდებულების შესახებ; 4) კონვენცია კლიმატის ცვლილებების შესახებ; 5) კონვენცია ბიომრავალფეროვნების შესახებ.

დეკლარაციაში გარემოსა და განვითარების შესახებ თავმოყრილია 27 პრინციპი, რომელთა უმთავრესი არსი მდგომარეობს მსოფლიოს საზოგადოებისა და ცალკეულ სახელმწიფოთა ეკოლოგიურად კორექტულ ქმედებათა აუცილებლობაში. დეკლარაციაში განცხადებულია, რომ ხანგრძლივი ეკონომიკური პროგრესის უზრუნველყოფის ერთადერთ გზას გარემოს დაცვისა და ეკონომიკის განვითარების ჰარმონიული ურთიერთშეხამება წარმოადგენს [4; 5; 8].

„რიოს“ დეკლარაციაში არსებული პრინციპები უაღრესად მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური თეორიისა და შესაბამისი მმართველობითი საქმიანობის წარმატებული პრაქტიკისათვის.

განვიხილოთ ჩვენი თემისათვის მთავარი ზოგიერთი პრინციპი:
პრინციპი 1. ადამიანებზე ზრუნვას ცენტრალური ადგილი უკავია მდგრადი განვითარების უზრუნველმყოფი ღონისძიებების სისტემაში. ადამიანებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ ჯანსაღი და ნაყოფიერი სიცოცხლე ბუნებასთან ჰარმონიულობის პირობებში;

პრინციპი 3. განვითარების უფლების რეალიზაცია უნდა მოხდეს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დღევანდელი და მომავალი თაობების მოთხოვნილებათა სამართლიანი დაკმაყოფილება განვითარებისა და გარემოს დაცვის სფეროში;

პრინციპი 4. მდგრადი განვითარების მიღწევებისათვის აუცილებელია, რომ გარემოს დაცვა იქცეს განვითარების პროცესის განუყოფელ ნაწილად და დღევანდელივით არ განიხილებოდეს მისგან მოწყვეტით;

პრინციპი 8. მდგრადი განვითარებისა და ყოველი ადამიანისათვის უფრო მაღალი ცხოვრების დონის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოებმა უნდა შეზღუდონ და გააუქმონ წარმოებისა და მოხმარების არასიცოცხლისუნარიანი მოდელები და გაატარონ შესაბამისი დემოგრაფიული პოლიტიკა;

პრინციპი 11. სახელმწიფოები იღებენ სამართლებრივ აქტებს გარემოსდაცვით სფეროში საკუთარი სპეციფიკის საფუძველზე;

პრინციპი 12. ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ ხელსაყრელი და ღია საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის შექმნის მიზნით, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას და მდგრად განვითარებას ყველა ქვეყანაში;

პრინციპი 22. ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში უდიდესი როლი ენიჭება მკვიდრ მოსახლეობას, მის ცოდნას და ტრადიციულ პრაქტიკას. სახელმწიფოებმა მხარი უნდა დაუჭირონ მოსახლეობის თვითმყოფადობას, კულტურას, ინტერესებს და უზრუნველყონ მისი ეფექტიანი მონაწილეობა მდგრადი განვითარების საქმეში.

ახლა შევჩერდეთ ,,რიო-1992“-ის მეორე დოკუმენტზე - ,,დღის წესრიგი XXI საუკუნისათვის“, რომელიც წარმოადგენს ყოვლისმომცველ პროგრამას მთელი კაცობრიობისათვის მიმდინარე საუკუნეში. მასში ასახულ გლობალურ თანამშრომლობას ორი მიზანი გააჩნია: 1) ბუნებრივი გარემოს მაღალი ხარისხი და 2) ჯანსაღი ეკონომიკა მსოფლიოს ყველა ხალხისათვის [4; 5; 8]. ეს ისტორიული და მოცულობითი დოკუმენტი მოიცავს მდგრადი განვითარების ყველა ასპექტს. მას აქვს უდიდესი თეორიულ-მეთოდოლოგიური და პრაქტიკული მნიშვნელობა ეკოლოგიურად ჯანსაღი, „მწვანე“ სოციალური და ეკონომიკურ-მმართველობითი საქმიანობის ყველა სფეროსათვის.

დღის წესრიგის პრეამბულაში ნათქვამია, რომ უსაფრთხო და აყვავებული მომავლის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემები გადაიჭრას კომპლექსურად და ურთიერთდაკავშირებულად.

,,დღის წესრიგი“ ასახავს სახელმწიფოთა გლობალურ თანხმობას და პოლიტიკურ ვალდებულებებს განვითარებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში. მასში დადასტურებულია, რომ მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა პირველ რიგში მთავრობათა მოვალეობას წარმოადგენს და ამისათვის აუცილებელია ეროვნული პროგრამების, გეგმების და პოლიტიკის შემუშავება.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესში მყოფ სახელმწიფოებს.

დოკუმენტში გადმოცემულია ფუნდამენტური დებულებები, რომელთაგან განვიხილავთ უმთავრესს [4; 5; 8].

 სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ეკოლოგიური და სავაჭრო პოლიტიკა შეესატყვისებოდეს მდგრადი განვითარების მოთხოვნებს;
გლობალური ეკოლოგიური დეგრადაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია წარმოების და მოხმარების ისეთი სტრუქტურა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას, განსაკუთრებით ეს ითქმის ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებზე;
ჩვენ უნდა განვიხილოთ საკითხი სიმდიდრის და აყვავების ისეთი ახალი კონცეფციების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფდა ცხოვრების უფრო მაღალ დონეს ცხოვრების წესის შეცვლის გზით და ნაკლებად იქნებოდა დამოკიდებული დედამიწის შეზღუდულ რესურსებზე და უკეთესად უპასუხებდა მისი სიცოცხლის უზრუნველმყოფ შესაძლებლობებს;
აუცილებელია შევცვალოთ ეკონომიკური ზრდის დღევანდელი კონცეფციები და დავსახოთ ისეთი ეკონომიკური ამოცანები, რომლებიც გაითვალისწინებს ბუნებრივი რესურსების სრულ ღირებულებას. ასეთი მიდგომა მოითხოვს ისეთი ახალი ეკონომიკური მაჩვენებლების შემუშავებას, რომლებშიც ასახული იქნება მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის შეფასებისას;
 მდგრადი განვითარების მიღწევა დამოკიდებულია მოხმარების სტრუქტურის ცვლილებებთან ეფექტიანი წარმოების შეხამებაზე, ეს კი მოითხოვს ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში დამკვიდრებულ წარმოება-მოხმარების სისტემების ორიენტაციის შეცვლას;
 ქვეყნების მთავრობებმა უნდა შეიმუშაონ პოლიტიკა, რომელიც წაახალისებს წარმოების და მოხმარების მდგრად სტრუქტურებზე გადასვლას;
 მთავრობებმა და მრეწველობამ უნდა ითანამშრომლონ, რათა უზრუნველყონ ბუნებათსარგებლობის, წარმოების და მოხმარების ეკოლოგიურად უსაფრთხო და მდგრადი მეთოდების განვითარება;
 ყველა სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პროგრამები, რომლებშიც განსაზღვრული იქნება ადამიანის ჯანმრთელობის დამაზიანებელი ეკოლოგიური ფაქტორები და მათი დაძლევის გზები;
 აუცილებელია ეროვნული პროგრამების შემუშავება, რომლებიც წაახალისებს ენერგოდამზოგველი და ახალი ტექნოლოგიების (მზის, წყლის, ბიომასის და სხვა ენერგიის გამოყენებით) განვითარებას;
 მთავრობებმა უნდა შეიმუშაონ მდგრადი განვითარების სტრატეგიები, რათა გააერთიანონ მთლიან სისტემაში სოციალური და ეკოლოგიური პოლიტიკა ყველა სამინისტროს და საქმიანობის დონეზე, საგადასახადო და საბიუჯეტო სფეროს ჩათვლით;
 ასეთი სტრატეგიების მიზანი უნდა იყოს სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკური განვითარება ბუნებრივი გარემოს ფაქტორებთან ჰარმონიაში მომავალი თაობების საკეთილდღეოდ;
 ასეთი მიზნების მიღწევისათვის აუცილებელია ცვლილებები ინფორმატიკის, დაგეგმვის და მართვის სფეროებში;
 მთლიანად ფასებმა, ბაზრებმა, საგადასახადო და ეკონომიკურმა პოლიტიკამ უნდა განსაზღვროს და უზრუნველყოს საზოგადოების გონივრული დამოკიდებულება ეკოლოგიური სისტემის მიმართ. ამ მიზნით ძირეული ცვლილებებია საჭირო საზოგადოებრივი წარმოების პრაქტიკულად ყველა სფეროში (ენერგეტიკა, მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი, სოფლის და სატყეო მეურნეობა, კავშირგაბმულობა, წყალმოხმარება, ნარჩენების გადამუშავება, ჯანდაცვა, ტურიზმი და სხვა);
 მთავრობებმა უნდა:
• საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად უზრუნველყონ ძირეული მოსახლეობის ტრადიციული ეკოლოგიური გამოცდილების გამოყენება და სათანადო ტექნოლოგიებით ამ პროცესის ეფექტიანობის ამაღლება;
• მოაგვარონ ადგილობრივი მართვის და თვითმმართველობის დონეზე ყველა რაიონში სათანადო ,,XXI საუკუნის დღის წესრიგის“ შემუშავება;
• მოაგვარონ ეკოლოგიური განათლების გავრცელება მთელ მოსახლეობაში. წაახალისონ საზოგადოების ყველა სექტორი (სამთავრობო, საწარმოო, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და სხვ.) ეკოლოგიური კადრების მომზადების სისტემის შექმნის მიზნით.
მთლიანობაში, ,,რიო-1992“-ის დოკუმენტების სოციალური, ეკონომიკურ-მმართველობითი და ეკოლოგიური შინაარსი გვიჩვენებს, რომ ეკონომიკური თეორიის განვითარებაში დადგა ახალი ეტაპი, როდესაც მოძველებული შეხედულებების ძირეული ცვლილებების საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს და ყოველმხრივ განვითარდეს უახლესი სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური აზროვნება და შესაბამისი თეორიულ-მეთოდოლოგიური ფუნდამენტი.
მდგრადი განვითარების თეორია იქცა ბოლო პერიოდის ყველაზე გამოკვლევად, სწრაფად განვითარებად და პოპულარულ ახალ თეორიად. მას მიეძღვნა უამრავი კონფერენცია, მონოგრაფია, სახელმძღვანელო. ამასთან, ის არის უაღრესად პრაქტიკული თეორია.
მსოფლიოს ყველა განვითარებულმა სახელმწიფომ განაცხადა მდგრადი განვითარების გზით სიარულის სურვილი. მოწინავე ქვეყნების ლიდერები და საერთაშორისო დოკუმენტები საბაზო იდეოლოგიად მდგრადი განვითარების დებულებებს იყენებენ.

მოსაზრებები და წინადადებები საქართველოს მდგრადი განვითარების
ფუნდამენტური კონცეფციის შესახებ

ჩვენში საყოველთაოდ ცნობილია ქართული გამონათქვამი: „ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენი ვალია“, რაც მდგრადი განვითარების კონცეფციის ქართულ-ტრადიციულ თეორიულ გააზრებას და პრაქტიკულ რეალიზაციას წარმოადგენს. ასევე ცნობილია ქართველი ადამიანის ქრისტიანული, გონივრული და მზრუნველი დამოკიდებულება ბუნების მიმართ. ყოველივე ამის უმთავრეს საფუძველს ბიბლიური მოძღვრება წარმოადგენს.

ბიბლიაში, კერძოდ იესო ქრისტეს სასწაულებსა და იგავებში (მაგალითად: 5 ათასი ადამიანის სასწაულებრივი დაპურება; იგავები გონიერი და უგონო მშენებლებისა და ხორბლისა და ღვარძლის შესახებ) გადმოცემული ეკონომიკურ-მმართველობითი საქმიანობის თეორიული დებულებები და პრაქტიკული ქმედებები ყოველთვის ეკონომიკური და ეკოლოგიური პარამეტრების სინერგიულ-ჰარმონიული ურთიერთშეხამების აუცილებლობას გვიქადაგებენ, რაც ფაქტობრივად დღევანდელი მდგრადი განვითარების კონცეფციის სინერგიულ თეორიულ-მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს [1, იოან. 6,12, გვ. 1051; 3, გვ. 132-133; 6, გვ. 59-60].
სწორედ ასეთ პრინციპებს ეფუძნებოდა ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობის მართვა საქართველოში საუკუნეების მანძილზე, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე პირობებში. ამისკენ მოგვიწოდებს „რიო-1992“-ის დოკუმენტებიც, მაგალითად, დეკლარაციის ზემოთ გადმოცემულ 22-ე პრინციპში ნათქვამია, რომ სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, აღიარონ და სათანადოდ დაუჭირონ მხარი ადგილობრივი, ძირეული მოსახლეობის ცოდნას და ტრადიციულ პრაქტიკას, რომლის გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვის მართვის საქმეში.
ასეთი მიდგომები საფუძველს უყრის ეკონომიკურ-ეკოლოგიური ზნეობის, როგორც უმნიშვნელოვანესი ეთიკური მიმართულების, ჩამოყალიბებას და თანამედროვე პირობებში საყოველთაო გავრცელება-გამოყენებას.
საქართველოში მდგრადი განვითარების ოფიციალური ფუნდამენტური კონცეფციისა და სხვა სათანადო აუცილებელი დოკუმენტების უქონლობა მთელი გარემოსდაცვითი მართვის პროცესის ჩამშლელ ფაქტორად შეიძლება მოგვევლინოს. სწორედ ფუნდამენტურ კონცეფციაზე უნდა აღმოცენდეს მისი შესატყვისი სხვა ფუძემდებლური დოკუმენტები: მოდელი, სტრატეგია, პროგრამები, პროექტები და ა.შ.
აუცილებელია, უახლოეს მომავალში საფუძვლიანად დაიხვეწოს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური საფუძველი. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ადამიანის სიცოცხლის უზრუნველმყოფ, ანუ ეკოლოგიურ მოთხოვნილებებს. სწორედ ასეთ საფუძველზე უნდა დგინდებოდეს და კმაყოფილდებოდეს საზოგადოებისათვის აუცილებელი სხვა ინტერესები.
საქართველოს მდგრადი განვითარების ფუნდამენტური კონცეფცია, ჩვენი აზრით, უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად ნაწილებს:
1. ბუნებრივი გარემოს და საზოგადოების ჰარმონიული ურთიერთქმედების თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები;
2. მდგრადი განვითარება, როგორც ახალი ეკონომიკური თეორია და მისი პრაქტიკული რეალიზაციის გზები;
3. მდგრადი განვითარება და საქართველოს ეკონომიკური განვითარების ეროვნული მოდელი;
4. მდგრად განვითარებაზე გადასვლის ამოცანები, მიმართულებები და ეტაპები;
5. მდგრად განვითარებაზე გადასვლის მართვა. საწარმოო ეკოლოგიური მენეჯმენტი;
6. მდგრადი განვითარების სამართლებრივი და ეკონომიკური უზრუნველყოფა;
7. მდგრადი განვითარების საერთაშორისო ასპექტები.
მთლიანობაში, საქართველოს მდგრადი განვითარების თეორიული საფუძვლის შექმნა ის ორგანული პირობაა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მეთოდოლოგიურ წანამძღვარს საზოგადოების პრაქტიკული, ჰარმონიული, ეკონომიკურ-ეკოლოგიური განვითარებისა და მართვისათვის.
ამ თვალსაზრისით, აუცილებელია უახლოეს დროში შემუშავდეს საქართველოს მდგრადი განვითარების ფუნდამენტური კონცეფცია, რომელიც ფაქტობრივად შეასრულებს ეკონომიკური განვითარების ეროვნული მოდელის დანიშნულებას და მოაწერიგებს განვითარების ტრადიციულობას, მდგრადობას, სინერგიულ ჰარმონიულობასა და პროგრესულობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ბიბლია. საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა. თბილისი, 1989, 1216 გვ.
2. შიხაშვილი გ. მდგრადი განვითარების თეორია - ჰარმონიული ეკონომიკურ-ეკოლოგიური მართვის საფუძველი. საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ბიულეტენი. 2001, #51. 30 გვ.
3. შიხაშვილი გ., სვანიძე ი. ბიბლიური მოძღვრება, როგორც მდგრადი ეკონომიკურ-ეკოლოგიური განვითარების ეროვნული კონცეფციის საფუძველი. მოხსენებათა კრებული VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა „ქრისტიანობა და ეკონომიკა“. ბათუმი, 2015, გვ. 129-135.
4. Earth Summit Agenda – 21. The United Nations Program of Actions from Rio-1992. United Nations Publication. New York, 1994. 294 p.
5. Program of Actions. Agenda for 21 Century and other Documents of Rio-1992.Compiler M. Kitting. Geneva,1993, 69 p.
6. Shikhashvili G. Biblical and Theological Interpretation of Environmental and Economic Activities as the Basis of a Synergistic Approach to the Issues of Sustainable Development of society. Библейско-богословское осмысление эколого-экономической деятельности – основа синергического подхода к вопросам устойчивого развития общества. OIKONOMOS: Journal of Social Market Economy. Vilnius, Lituania, 3 (9), 2017 p. 56-63.
7. Наше обшее будущее. Доклад МКОСР. Пер. с Англ. М., «Прогресс», 1989. 372 с.
8. Программа действий. Повестка дня на 21 век и другие документы Рио-1992. Сост. М. Китинг. Женева, 1993.70 с.